ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალური პროგრამა საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა

ქართული ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით პირველად წარდგა ევროპელი მსმენელის წინაშე
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კონცერტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰამბურგის ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში – ElbPhilharmonie გაიმართა, სადაც ქართულმა ორკესტრმა საერთაშორისო ფესტივალი "კავკასია" დახურა. ქართული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით პირველად წარდგა ევროპელი მსმენელის წინაშე.

როგორ წარდგება საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

კონცერტზე შესრულდა სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც ორკესტრის თანხლებით გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა შეასრულა. ასევე შესრულდა კომპოზიტორ გია ყანჩელის სიმფონია N5, ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური ნაწარმოები Silver Sun (პრემიერა).

ღონისძიების მხარდამჭერი არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გერმანიაში საქართველოს საელჩო.

საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იღებს მონაწილეობას. „ხასიათებით შექმნილი საქართველო" (Georgia Made by Characters) — ასეთია საქართველოს სლოგანი წიგნის ბაზრობაზე. საქართველოს ლიტერატურული პროგრამა სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის 450 ღონისძიებას მოიცავს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში. ყოველწლიურად ღონისძიება დაახლოებით 300 ათას სტუმარს მასპინძლობს და დაახლოებით 400 ათას წიგნს წარმოადგენს.

პირველ სამ დღეს ღონისძიებას საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებიან, ხოლო მომდევნო ორ დღეს ის ყველასთვის ღიაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს.