თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესპურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლისას „მწვანეთა პარტიის" ლიდერ გიორგი გაჩეჩილაძესა და არასაპარლამენტო პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია TV Pirveli.
უთანხმოების მიზეზი გაჩეჩილაძის განცხადება გახდა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წლამდე იუსტიციის სამინისტრომ მიიღო კანონი, რომელიც გარემოსთვის დამაზიანებელია. აღნიშნულმა განცხადებამ ვაშაძის გაღიზიანება გამოიწვია, რომელსაც იმ დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ვაშაძემ გაჩეჩილაძეს შეახსენა, რომ კანონი პარლამენტმა მიიღო და არა იუსტიციის სამინისტრომ.
„ახალი საქართველოს" ლიდერის რეპლიკამ გაჩეჩილაძის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც გვერდითა ტრიბუნაზე მჯდომ ვაშაძეს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ვაშაძემ შეურაცხყოფას უპასუხა და სიტყვიერი დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
მომხდარი ფაქტის გამო კომიტეტის სხდომა შეწყდა.