თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი — 202 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, შიდა ქართლში — 118, ქვემო ქართლის მასშტაბით — 115, სამცხე-ჯავახეთში — 95, იმერეთში — 66 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში — 46 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 45 ფაქტი, აჭარაში — 34, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში — 24, გურიაში —13.
აქედან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
სულ ამოღებულია დაახლოებით 2500 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 303-მუხლით („ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა“), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.