თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. რიგით მეექვსე საქორწილო ფესტივალი Tbilisi Wedding Fair 2018 თბილისში 29 აპრილს გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია Meidan Group-ი. წელს Tbilisi Wedding Fair-ი საგამოფენო სივრცეში Garden Hall (ილიას ბაღში) გაიხსნება და 2018-2019 სეზონის ბოლო საქორწილო ტენდენციებს წარადგენს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საქორწილო ინდუსტრიის საუკეთესო სპეციალისტები: ივენტ-კომპანიები, დიზაინერები, ფლორისტები, დეკორატორები, მხატვრები, ვიზაჟისტები, კონდიტერები. კომპანიები წარადგენენ საკუთარ ხედვას იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქორწილი.
„წელს შემოგვიერთდა 40-ზე მეტი ქართული კომპანია, რომელიც საქორწილო თემატიკაზე პროდუქციის ფართე სპექტრს წარადგენს“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორმა Meidan Group-დან ნათია ცეცხლაძემ.
Tbilisi Wedding Fair 2018 12:00 საათზე გაიხსნება და საღამოს სადღესასწაულო კონცერტით დასრულდება.