2005 -2012 წლებში დაპატიმრებული ადვოკატების საქმეებს სპეციალური კომისია გამოიძიებს

165 ადვოკატი იყო დაპატიმრებული 2005 -2012 წლებში, რაც კოლოსალური სტატისტიკა, რომელსაც მსოფლიოში პრეცენდენტი არ გააჩნია, განუცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“
Sputnik

„მაშინ ეს საერთაშორისო  პარტნიორების და ჩვენი კოლეგების მხრიდან შეფასდა როგორც ადვოკატთა კორპუსის  მიმართ ინსტიტუციური დევნა. დღევანდელმა აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას კომისია და დამოუკიდებლად, ობიექტურად გამოძიებული, გამორკვეული და შეფასებული იქნას ყველა ადვოკატის მიმართ არსებული საქმე“- აღნიშნა დავით ასათიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს იმ დროებითი კომისიის მუშაობას, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე შექმნა. "უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის" დროებითი კომისია რეპრესირებული ადვოკატებისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების მიმართვის შემთხვევაში, შეისწავლის მათ საქმეებს, მოამზადებს დასკვნებს და დაეხმარება მიმართონ სასამართლოს მათი საქმეების ხელახლა განხილვის მიზნით. კომისია ასევე დაეხმარება ზემოაღნიშნულ პირებს მიმართონ პროკურატურას მათ საქმეებში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით.