ცხენისა და ვირის ხორცი თბილისში დამზადებულ ნახევარფაბრიკატებში - ობიექტების ჩამონათვალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიულად შეამოწმა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik.  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა თბილისში ხორცისა და ხორცპროდუქტების ლაბორატორიული შემოწმების საგანგაშო შედეგები  გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, სპეციალისტების მიერ აღებული ხორცისა და ხორცპროდუქტების  20 ნიმუშიდან შვიდში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, ორ ნიმუშში კი როგორც ცხენის, ისე ვირის ხორცი.

რით ვიკვებებით კაფე-რესტორნებში – თბილისში 7 ობიექტი დაიხურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა  ნიმუშები ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან აიღეს.

„სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი“, — ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები შემდეგი ბიზნეს-ოპერატორების ობიქტებში დაფიქსირდა: ცხენის დნმ აღმოჩნდა ინდ. მეწარმე „დავით წოწკოლაურის“ ბასტურმაში,  შპს „მადასა“ და შპს „კედარის“ ხინკალში. ცხენის დნმ აღმოჩნდა  შპს „ლაშარის“ გუფთაში, ხინკალსა და ბლინში კი  როგორც ცხენის, ისე ვირის დნმ-ის არსებობა დადგინდა. შპს „მერკადოს“ ხორცში ცხენის დნმ დაფიქსირდა, ასევე, ცხენის დნმ აღმოჩნდა შპს „გიოს“ ქაბაბში.

გარდა ამისა,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა ინდ. მეწარმე „დავით წოწკოლაურის“ კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

სააგენტოს ინფორმაციით, მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში  ხორცის ხარისხზე  კვლევები 2017 წლის მარტიდან ტარდება.