ხარება - მცხეთის დღესასწაული და მისი კურთხევის დღე

მღვდელმთავრები საზეიმო მსვლელობით მთელ ქალაქში ნაკურთხ წყალს ასხურებენ.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ხარების დღესასწაულზე ქალაქ მცხეთის კურთხევის ცერემონია შესრულდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შვიდ აპრილს მართლმადიდებლური სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ამ დღეს ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა მესიას – იესო ქრისტეს. ხარება ერთ–ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის. დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია. 

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას აღნიშნავს

7 აპრილს მღვდელმთავრები სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურგიას აღავლენენ, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობით მთელ ქალაქში ნაკურთხ წყალს ასხურებენ. ამის შესახებ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის არქიდიაკონმა დემეტრემ აცნობა.

„მე-11 საუკუნეში წმინდა კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ პირველის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ხარება წმინდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაულად და მისი კურთხევის დღეს დადგინდა. რამდენიმე წელია, რაც აღდგა ეს დღესასწაული, ხოლო წელს მისი უწმინდესობის ლოცვა —კურთხევით საეპისკოპოსო წირვის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში მღვდელმთავარი და სამღვდელოება აკურთხებენ წმინდა დედაქალაქ მცხეთას”, – აღნიშნა არქიდიაკონმა დემეტრემ.