საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში მესამე ოქრო მოიპოვა

მხრის ტრავმამ ანასტასია გოტფრიდს ევროპის ჩემპიონობაში ხელი ვერ შეუშალა
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდმა 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, რომელიც ამ დღეებში ბუქარესტში მიმდინარეობს.

ორჭიდის ჯამით გოტფრიდის შედეგმა 256 კგ შეადგინა (124 კგ ატაცში და 132 კგ აკვრაში). აღსანიშნავია, რომ მესამე ცდაში ატაცში გოტფრიდმა 131 კგ შეუკვეთა, რაც მსოფლიო რეკორდს უდრის, თუმცა წონას ვერ მოერია. აკვრაში ქართულმა გუნდმა 132 კგ დააყენა, თუმცა გოტფრიდმა წონა მეორე ცდაში აიღო და მხრის ტრავმა მიიღო. ამის გამო მან მესამე ცდაზე გამოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის ნაჩვენები შედეგები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა.

ვერხცლი ავსტრიელ სარა ფიშერს ერგო, რომელსაც გოტფრიდმა 16 კილოგრამით გაუსწრო. მესამე ადგილი დაიკავა პოლონელმა კინგა კაჩმარიკმა (225 კგ).

ამგვარად, ქართველმა ძალოსნებმა ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე უკვე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. მანამდე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ შოთა მიშველაძე (-62 კგ) და რევაზ დავითაძე (-85 კგ).

კვირას, კონტინენტური პირველობის დასკვნით დღეს, საქართველომ შესაძლოა ოქროს მედლების ყულაბა კიდევ შეავსოს, რადგან ფიცარნაგზე ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105 კგ) გამოვა.