დღეიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ აქვთ

თუ მძღოლი ავტომობილს ძალადაკარგული მართვის მოწმობით მართავს, 500 ლარით დაჯარიმდება, როგორც მართვის მოწმობის არმქონე პირი.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს დღეიდან იურიდიული ძალა ეწურება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მართვის მოწმობების იურიდიული ძალის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში მიიღეს. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა ძალას 2018 წლის 1 იანვრამდე დაკარგავდა. თუმცა, შსს-მ ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება იმ მძღოლების რაოდენობიდან გამომდინარე მიიღო, რომლებმაც ვერ მოასწრეს დოკუმენტის შეცვლა და, შესაძლო იყო, მართვის მოწმობის გარეშე დარჩენილიყვნენ.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1 აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ავტომობილს ძალადაკარგული მართვის მოწმობით მართავს, 500 ლარით დაჯარიმდება, როგორც მართვის მოწმობის არმქონე პირი.

საქართველო ელექტრომობილებს გამოუშვებს

მართვის მოწმობის შეცვლის მსურველებს არ უწევდათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება. შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ისინი არც 2018 წლის პირველი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ აღნიშნულ გამოცდას.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს. ამასთან, იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის 1 აპრილამდე, მაგრამ შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა.

რაც შეეხება 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ დოკუმენტებს, A, B, BE, T, S, A" და B1 კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები ძალაში 2028 წლის 1 სექტემბრამდე იქნება.

ხოლო C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები ძალაში 2018 წლის 1 სექტემბრამდე იქნება.

საქართველოში მართვის მოწმობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღეს, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან შესაბამისი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ბოლო თვის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოში მართვის მოწმობის აღება GEO VERS