თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაუგზავნა პასუხები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან (Rustavi 2) დაკავშირებულ კითხვებზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროზე დაყრდნობით.
სტრასბურგის სასამართლომ 2017 წლის ნოემბერში „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საჩივრის დასაშვებობის განხილვა დაიწყო და ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე კითხვით მიმართა. „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა ევროპის სასამართლოს საჩივრით მას შემდეგ მიმართეს, რაც 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ორი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმად ტელეკომპანია მთლიანად ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია „პანორამას“ გადაეცა.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.
„შესაბამისი მასალები, რა თქმა უნდა, დროულად გადაიგზავნა“, — განაცხადა პრესსამსახურის თანამშრომელმა.
საქართველოს ხელისუფლებას ვადა 29 მარტამდე მიეცა.
Rustavi2-ის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპული სასამართლო იუსტიციის სამინისტროსგან მიღებულ პასუხებს შეისწავლის, შესაბამის კითხვებს ტელეკომპანიასაც გადაუგზავნის.
მას შემდეგ, რაც Rustavi2 ევროპული სასამართლოს შეკითხვებს უპასუხებს, სასამართლო მასალების შესწავლას შეუდგება და საქმის მოსმენებს დანიშნავს.
„რუსთავი–2“–ის სასამართლო განხილვები ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა და თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
2017 მარტში საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადასცა.