რუსთავში აღდგომის დღესასწაულზე ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

სასაფლაოების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს, მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოს მიმართულებით, სპეციალური გრაფიკითა და მარშრუტით იმოძრავებს, ინფორმაციას ავრცელებს რუსთავის მერია ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

მერიის ინფორმაციით, ორიდან შვიდი აპრილის ჩათვლით, ტრანსპორტი ქალაქის სასაფლაოს მიმართულებით 09:00-დან 18:00 საათამდე იმოძრავებს, 8 და 9 აპრილს კი სასაფლაოების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს, მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს კვირას, 8 აპრილს აღნიშნავს. ორშაბათს კი, 9 აპრილს, ტრადიციულად მოსახლეობა ახლობლების საფლავებზე გადის.