თბილისი, 31 მარტი — Sputnik. აბიტურიენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაბარებისას შეღავათებით ისარგებლებენ, ნათქვამია განათლების მინისტრის ბრძანებაში.
ერთიან ეროვნულ გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია პარასკევს დასრულდა. ის 40000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
აბიტურიენტები, რომლებმაც სკოლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქვთ დამთავრებული, ყველა მისაღები გამოცდის ჩაბარებას რუსულ ენაზე შეძლებენ. ამ დროს საქართველოს დანარჩენი მცხოვრებნი არჩევითი გამოცდების ჩაბარებას მხოლოდ ქართულ ენაზე შეძლებენ.
აბიტურიენტს ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. აქედან სამი სავალდებულო საგანია: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი შერჩევითი გამოცდა — ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო სამართალი.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებმა, რომლებსაც გამოცდების ჩაბარება რუსულ ენაზე სურთ, გამოცდებისა და შეფასებების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი განაცხადი 1 მაისამდე უნდა შეიტანონ, მათ შორის ონ-ლაინ. აბიტურიენტები აფხაზეთიდან ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად აფხაზური ენის ჩაბარებას შეძლებენ. ამის შესახებ მათ 1 მაისამდე უნდა განაცხადონ.
საშუალო განათლების ატესტატი მათ გამოცდების ჩაბარების შემდეგ უნდა წარადგინონ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა აბიტურიენტი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს უნივერსიტეტში უფასოდ სწავლობს.
საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.