სექსუალური ექსპლუატაცია: უზბეკეთის მოქალაქეს განაჩენი გამოუტანეს

უზბეკეთის მოქალაქე თავის თანამემამულეს საქართველოში პროსტიტუციას აიძულებდა
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო ტრეფიკინგში და მას დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 9 პირია დაკავებული - ვიდეოკადრები

საქმის მასალებით, მსჯავრდებული ქალი საქართველოში თავის ნაცნობთან, ასევე უზბეკეთის მოქალაქესთან ერთად 2017 წლის აგვისტოში ჩამოვიდა. ამის შემდეგ მან თავის ნაცნობს წაართვა პასპორტი, შეასახლა ნაქირავებ ბინაში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მას პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა.

მსჯავრდებულს მსხვერპლი დაჰყავდა ღამის კლუბებში, რესტორნებსა და სასტუმროებში და აიძულებდა პროსტიტუციას, ხოლო მიღებულ თანხას თავად ითვისებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული სამართალდამცველებმა ამხილეს, მისი დაკავება ვერ მოახერხეს. ქალი გამოძიებისგან მიიმალა. სამართალდამცავმა ორგანოებმა დამნაშავეს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი.

უზბეკეთის მოქალაქის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ტრეფიკინგის მუხლით, რაც 12-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.