მოზარდზე თავდასხმაში ბრალდებულ აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი დაუმძიმდა

13 წლის მოზარდზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმეს, მისი ფსიქიკური მდგომარეობის ექსპერტიზა მომავალ კვირაში ჩატარდება
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისში 13 წლის მოზარდზე ლიფტში მომხდარი თავდასხმის საქმე გადაკვალიფიცირდა — ამჟამად 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალად ედება არა ძალადობა, არამედ მუქარა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი ოთხშაბათ დღისით ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ბოროტმოქმედი ერთ-ერთ სართულზე შევიდა ლიფტში, რომელშიც არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მალე მეზობლებმა საშინელი ყვირილი გაიგონეს და მაშინათვე „სასწრაფო დახმარება“ და პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ბიჭისთვის თვალების ამოჩიჩქნას და თოკით გაგუდვას ცდილობდა.

სექსუალური ექსპლუატაცია: უზბეკეთის მოქალაქეს განაჩენი გამოუტანეს

აზერბაიჯანის მოქალაქე მაშინვე დააკავეს. მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ფსიქიკური აშლილობით არის დაავადებული. ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი გიორგი მდინარაძე იცავს.

„ბრალდებულის პოზიცია წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით დღესაც უცნობია, რადგან ისევ არ გამოდის კონტაქტზე. ბრალდებული შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, თუ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მას შეურაცხადად აღიარებს“, — განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ბრალდებულის ექსპერტიზა შემდეგ კვირაში ჩატარდება.

თუ დამტკიცდა, რომ ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელია, მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება მოზარდს, ის ისევ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭს მხედველობის დაკარგვა ემუქრებოდა, რადგან თვალების ძლიერ დაზიანება აღენიშნებოდა, თუმცა ამ საფრთხემ გაიარა.