ბათუმი თევზის ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შეჯიბრებებსა და მასტერ-კლასებში
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ბათუმში „თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2018" 1 აპრილს გაიმართება, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის" წევრები.

ფესტივალი, რომელიც ზღვისპირა ქალაქში მეორედ ტარდებ,ა თევზჭერისა და აკვაკულტურის პოპულარიზაციისკენ, ასევე ბათუმში ტურისტების მოზიდვისკენ არის მიმართული. ღონისძიება 12:00 საათზე „ალი და ნინოს" ქანდაკებასთან დაიწყება.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული კოლეჯები და რესტორნები, ასევე ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი და ღვინის მწარმოებელი კომპანიები და თევზეულის კერძო მეწარმეები.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი იქნება, რომელიც შეჯიბრებებსა და მასტერ-კლასებს ითვალისწინებს. ფესტივალის სტუმრებს შორის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს მასტერ-კლასები თევზჭერასა და კულინარიაში, ასევე ღვინისა და თევზის პროდუქციის დეგუსტაცია.