მსხვილი გარიგება – ხელისუფლება მიესალმება Silknet-ისა და Geocell-ის გაერთიანებას

ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ დიდი საკომუნიკაციო კომპანიების Silknet-ისა და Geocell-ის გაერთიანება აამაღლებს მომსახურების ხარისხს და ბაზარზე ახალი პროდუქტების გამოჩენასთან მიგვიყვანს.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ახალი დიდი კომპანია, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-ის მიერ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის Geocell-ის შეძენის შედეგად წარმოიქმნება, შეძლებს ბაზარს შესთავაზოს ინოვაციური პროდუქტები, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Silknet-მა კომპანია Telia Company-ს და Turkcell-სგან Geocell-ის შეძენის შესახებ ოფიციალურად 2018 წლის იანვრის ბოლოს განაცხადა. გარიგების ღირებულებაა 153 მლნ აშშ დოლარი. შეძენისთვის თანხა გამოყო ბანკების კონსორციუმმა ქართული „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობით.

„რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით ეს არის კონკურენციის წამახალისებელი. ჩვენ ვართ დაწმუნებული, რომ გაერთიანებული ახალი დიდი კომპანია შეძლებს ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ბაზრისათვის, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მომსახურების ხარისხის გაზრდას. ხოლო კონკურენცია, თავის მხრივ – ახალი პროექტების გაჩენას ბაზარზე", — განაცხადა ქუმსიშვილმა Silknet-ის Geocell-თან გაერთიანების ღონისძიებაზე.

მედია: „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად Georgian Industrial Group-ი ყიდულობს

ქუმსიშვილმა მხარეებს გარიგების წარმატებით დასრულება მიულოცა, ასევე მადლობა გადაუხადა „თიბისი ბანკს“ დაფინანსებისთვის.

გარიგების შესახებ ინფორმაციამ როგორც საზოგადოების, ისე ეკონომიკისა და ტელეკომუნიკაციის სფეროებში ექსპერტების დიდი ინტერესი გამოიწვია. მათი ნაწილი შიშობს იმის გამო, რომ ორი გიგანტის გაერთიანებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს კონკურნციაზე და შეიძლება მონოპოლიის საფრთხე წარმოიქმნას.

ეს შიშები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაფანტა. მისი დასკვნის თანახმად, გარიგება არსებულ კონკურენციასთან შეთავსებადია.

კომპანია Silknet-მა, რომელიც კომპანია Silk Road Group-ის საკუთრებაა, მუშაობა 2010 წელს დაიწყო. ის რამდენიმე აქტივის გაერთიანების გზით შეიქმნა.

Geocell საქართველოში 1996 წელს დაფუძნდა. ეს იყო პირველი GSM ოპერატორი. Geocell-ით პირველი სატელეფონო ზარი 1997 წლის მარტში განხორციელდა. Geocell შვედურ-ფინური ჯგუფის TeliaSonera-ს წევრია.

Geocell-ს ამჟამად დაახლოებით 1,8 მლნ მომხარებელი ჰყავს. მისმა შემოსავალმა 2017 წელს დაახლოებით 165,4 მლნ ლარი შეადგინა.

Silknet-ს დღესდღეობით 325 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მისმა შემოსავალმა 2017 წელს 111 მილიონი ლარი შეადგინა.