თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ქართველი ძალოსანი 62 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შოთა მიშველაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი ამ დღეებში ბუქარესტში (რუმინეთი) მიმდინარეობს.
მიშველაძის შედეგია 299 კგ ორჭიდში (134 კგ ატაცში და 165 კგ აკვრაში). მეორე ადგილზე გასულ ბულგარელ სტიკიან გროზდევს ქართველმა სპორტსმენმა ექვსი კილოგრამით გაუსწრო. ბრინჯაო რუმინელ ილიე ლონუტს ერგო.
ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი — რამინ შამილიშვილი. მან 278 კგ შედეგით მეხუთე ადგილი დაიკავა.
დღეს იასპარეზებს კიდევ ერთი სპორტსმენი საქართველოდან — გოგა ჩხეიძე (-69 კგ).
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ბუქარესტში 1 აპრილამდე გაგრძელდება.