ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა

ბუნებრივი აირის მიწოდება ხუთშაბათს დილიდან ეტაპობრივად აღდგება.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, ბათუმისა და ხელვაჩაურის 30 000-ს აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმსა და ხელვაჩაურში დღეს საღამოს, ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, შეწყდა. 

„ბათუმში, მესხის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების დროს, დააზიანეს მთავარი გაზსადენი, თითქმის მთელ აჭარას ემუქრებოდა ბუნებრივი აირის შეწყვეტა, თუმცა მოვახერხეთ აბონენტების ნახევრისთვის მიწოდება შეგვენარჩუნებინა. აღდგენითი სამუშაოები დასრულდა და დილიდან დავიწყებთ აირის მიწოდებას”, — განაცხადა „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის“ ხელმძღვანელმა დავით ლეკიშვილმა.

დავით ლეკიშვილის თქმით, ხუთშაბათს დილიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.