ქართული ვისკი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

„ჯიმშერი“ ქართული დასახელების პირველი ვისკია, რომელმაც მსოფლიოს ცნობილ ბრენდებს გაუწია კონკურენცია. იგი ოთხწლიანი დაძველებით პირველად გასულ წელს ჩამოასხეს. ვისკი „ასკანელი ძმების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯიმშერ ჩხაიძის საავტორო ტექნოლოგიით მზადდება.
Sputnik

სულ ახლახან ქართული ვისკი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს Leader of the Year მფლობელი გახდა. ამის შესახებ ვისკი „ჯიმშერის“ გაყიდვების მენეჯერი თაკო კვარაცხელია გვესაუბრა.

პირველი ქართული ვისკი JIMSHER

— ვისკი „ჯიმშერი“ ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. თუმცა ეს პროექტი დაიწყო დაახლოებით ათი წლის წინ. ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა ამაზე ფიქრი, მუშაობა, დაგეგმვა და უკვე შარშან გავედით ბაზარზე.

ვისკის შემქმნელია კომპანია „ასკანელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონი ჯიმშერ ჩხაიძე, რომელიც სულ ამბობდა – რატომ არ უნდა არსებობდეს მსოფლიო ბაზარზე ქართული ვისკი? ამ საკითხზე ძალიან ბევრი იმუშავა, გაიარა კონსულტაციები და შესაბამისად ბევრი ფიქრის და შრომის შედეგად მივიღეთ ეს არაჩვეულებრივი პროექტი. გასულ წელს, როდესაც პირველი დეგუსტაციები ჩავატარეთ, სანამ ბაზარზე გამოვიდოდით, გვწერდნენ, გვირეკავდნენ, აინტერესებდათ, როდის გავიტანდით ბაზარზე ჩვენ პროდუქციას. დეგუსტაციების დროს ჩვენი მომხმარებლები ერთდროულად გაკვირვებულებიც დარჩნენ და კმაყოფილებიც. ვისკის ტრადიციები ზედმიწევნით არის დაცული, ამას ემატება ქართული გემო–კულტურა და იქმნება არაჩვეულებრივი სინთეზი.

პირველი ქართული ვისკი JIMSHER

– რით არის გამორჩეული „ჯიმშერი“ სხვა ვისკებისგან?

— პირველ რიგში, ქართველ მომხმარებლებს შევთავაზეთ სრულიად ახალი პროდუქტი, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. ეს ძალიან თამამი და სარისკო ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან. არა იმიტომ, რომ ქართულს არ ენდობიან, უბრალოდ, როდესაც პროდუქტი არის სრულებით ახალი, კონკურენტიც კი არ გყავს, ეჭვის თვალით გიყურებენ. შენ ქმნი პირველს, ახალს და განსხვავებულს. მაგალითად, ქართული ღვინის გამოშვების დროს ეს რისკ-ფაქტორები არ არსებობს. ქართველმა მომხმარებელმა იცის, რომ არსებობს არაჩვეულებრივი შოტლანდიური, ირლანდიური ვისკები და შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა – რატომ ქართული?

– რამდენი სახეობის ვისკის აწარმოებთ?

— ამ ეტაპზე გამოშვებული გვაქვს სამი სახეობის ვისკი. „ჯიმშერი საფერავის კასრი“, „ჯიმშერი ბრენდის კასრი“ და „ჯიმშერი წინანდლის კასრი“. ვისკის დავარგება ხდება ღვინოების „საფერავისა“ და „წინანდლის“ კასრებში. შესაბამისად, ბრენდის არომატი და გემო არის განსხვავებული.

პირველი ქართული ვისკი JIMSHER

– ექსპორტზეც გაგაქვთ?

— კი, გაგვაქვს რამდენიმე ქვეყანაში. გულწრფელად გეუბნევით, უცხოეთში გაგვაქვს ყოველდღიურად. ყოველდღე ახალ-ახალ კლიენტებთან გვაქვს მოლაპარაკება. ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა უცხო ქვეყნებიდან. სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ გვიკვირს, ველოდით ასეთ აქტივობას. გახარებული უფრო ვართ, ვიდრე გაკვირვებული.

– არაერთ წარმატებას მიაღწიეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. რამდენად საპასუხისმგებლო და სტიმულის მომცემი იყო ეს თქვენთვის?

— თავიდან რამდენიმე ქვეყანაში გავიტანეთ სატესტო რეჟიმში. ჩვენმა ვისკიმ ყველა ქვეყანაში წარმატებით გაიარა სატესტო რეჟიმი და გაჩნდა მუდმივი მოთხოვნა. არ ყოფილა ქვეყანა, სადაც ერთხელ გავიტანეთ და მეორედ შეკვეთა აღარ გააკეთეს.

2017 წელს ბრიტანეთში ჩატარდა ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი, სადაც ჩვენმა ვისკიმ, როგორც წინანდალმა, ისე ტრადიციული ბრენდის კასრში დავარგებულმა ვისკიმ მიიღო ვერცხლის მედლები. ხოლო საფერავის კასრში დავარგებულმა „ჯიმშერმა“ მიიღო ოქროს მედალი. კონკურსზე The Travel Retail Masters 2017-ზე ის დასახელებული იქნა მსოფლიო 10 საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელს შორის (The top 10 best value for money travel retail spirits).

პირველი ქართული ვისკი JIMSHER

სულ ახლახან ბიზნეს–დაჯილდოება გაიმართა შვეიცარიაში, სადაც „ჯიმშერი“ გახდა ჯილდოს Leader of the Year მფლობელი. დაჯილდოება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცემათ საქართველოს მასშტაბით სტატისტიკურად რანჟირებულ NBR კავშირის ტოპ-რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე მყოფ კომპანიებს შორის გამოვლენილ საუკეთესო კომპანიებს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაკვეთით და საქართველოს სოციოლოგიური კვლევების ჯგუფ GPG-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით.

თოთოეული ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო დამწყები კომპანიისთვის, არამედ ყველა იმ კომპანიისთვისაც, რომელიც დიდი ხანია არსებობს ბაზარზე. ეს აღიარება ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ შევქმნათ უფრო კარგი, ახალი და განსხვავებული.