თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ს საზღვაო ქვეითთა სპორტულ შეჯიბრებებზე 20 მედალი მოიპოვეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეჯიბრება, რომელშიც 10 ქართველი სამხედრო მონაწილეობდა, 12-25 მარტს ჩრდილოეთ კაროლინაში სამხედრო ბაზაზე Camp Lejeune გაიმართა. ქართველმა სამხედროებმა იასპარეზეს შემდეგ დისციპლინებში: 10 კმ. მანძილზე ხელის ველოსიპედით შეჯიბრი, ტრენაჟორით ნიჩბოსნობა, სირბილი, ცურვა, პნევმატური იარაღით სროლა და პარა-კალათბურთი. სამხედროები 6 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ.
„კიდევ ერთი აღიარება მოუტანეს ჩვენმა ბიჭებმა ჩვენს სამშობლოს. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მინისტრს თანადგომისთვის, ხელშეწყობისთვის, მინდა ასევე მადლობა გადავუხადო გენშტაბს და იმათ, ვინც ეს ბიჭები მოამზადა. ისევ და ისევ მათი თავგანწირვის შედეგია ეს ყველაფერი“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ, რომელიც სამხედროებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
ქართველი სამხედროების გარდა, შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ სამხედრო მოსამსახურეები აშშ-დან, ავსტრალიიდან, კოლუმბიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. სულ 173 სამხედრო მოსამსახურე.
ეს არ არის პირველი წარმატება ქართველი სამხედროების მსგავს სპორტულ შეჯიბრებებზე. 2017 წლის ოქტომბერში ქართველმა სამხედროებმა კანადაში გამართულ შეჯიბრებებზე „დაუმარცხებელთა თამაშები“ (Invictus Games) პარა-ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს.
საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრება Invictus Games-ი, რომლის მონაწილეებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც შშმ პირები გახდნენ, გაერთიანებულ სამეფოს პრინც ჰარის ორგანიზებით, 2014 წელს დედოფალ ელიზავეტ მეორის ოლიმპიურ პარკში დაფუძნდა.