დაიღუპა როგორც გმირი: ტატიანა დარსალია ბავშვების გადარჩენას ცდილობდა

ტატიანა დარსალიამ ქალიშვილი შენობიდან გამოიყვანა და როდესაც გაიგო, რომ ბავშვები ზედა სართულზე იყვნენ დარჩენილი, მათ დასახმარებლად შებრუნდა შენობაში.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. კემეროვოს №17 გიმნაზიაში 37 წლის მასწავლებელს ტატიანა დარსალიას გლოვობენ, რომელიც კვირას კემეროვოს სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ში მომხდარი ხანძრის შედეგად დაიღუპა.

დარსალია 14 წლის ქალიშვილ ელეონორასთან ერთად სავაჭრო ცენტრში კვირას მივიდა. თვითმხილველების თქმით, როდესაც პანიკა ატყდა, ტატიანამ ქალიშვილი შენობიდან გამოიყვანა და როდესაც გაიგო, რომ ბავშვები ზედა სართულზე იყვნენ დარჩენილი, მათ დასახმარებლად შებრუნდა შენობაში, თუმცა იქიდან აღარ გამოსულა…

აბაშიძე კემეროვოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

„ჩვენ ის ყოველთვის გვეყვარება და გვემახსოვრება, ის იყო და რჩება საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ამ დრომდე არ მჯერა, რომ ეს მის თავს მოხდა, მაგრამ ვამაყობ, რომ იგი დედაჩემია. ის დაიღუპა როგორც გმირი, მან წინ ბავშვები გამოატარა და სხვანაირად არც შეეძლო მოქცევა. ის ჩვენ გულებში დარჩება ყოველთვის", — წერს ტატიანას ქალიშვილი ელეონორა სოციალურ ქსელში.

14 წლის ელეონორასთან ერთად მწუხარებას გამოთქვამენ დარსალიას მეგობრები, მოსწავლეები, ნაცნობები და უცნობი ადამიანებიც.

„მინდა ვთქვა, რომ თქვენ უბრალოდ ქალი კი არა, გმირი ხართ! ყოველთვის მემახსოვრებით როგორც ძალიან კეთილი და გამგები ქალი. ელია მე მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება, გპირდები, მას ყველაფერი კარგად ექნება. მსუბუქი იყოს, შენს გულზე დაყრილი მიწა", — წერს ტატიანა დარსალიას გვერდზე ანასტასია კომაროვა.

ტატიანა დარსალიას კემეროვოში 28 მარტს დაკრძალავენ.

სავაჭრო ცენტრის მრავალი სტუმრისთვის კვირა უკანასკნელი უქმე დღე აღმოჩნდა. შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 67 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი იმსხვერპლა. საავადმყოფოებში რჩება 14 დაშავებული, უმეტესობა მხუთავი აირით არის მოწამლული.