თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისის ყველა ქუჩაში გაჩნდება აბრები ზუსტი სახელწოდებით და ნუმერაციით, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
ამჟამად სამუშაოები ოქროყანაში მიმდინარეობს. სამისამართო აბრების დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიასა და საკრებულოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. ოქროყანაში 30-მდე ქუჩაა, სადაც სამისამართო აბრები არ არსებობს.
„ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზოგადად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სასწრაფოს, სახანძროს, პატრულის გამოძახების შემთხვევაში კონკრეტულ ლოკაციაზე დროულად მისვლა ძალიან რთულდება. ცუდია, როდესაც განვითარებულ ქალაქებში სამისამართე აბრები არ არის და ნებისმიერ გამვლელ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა გაიგოს, ზუსტად სად, რომელ ქუჩაზე იმყოფება. ჩვენ ქალაქში აღნიშნულ პრობლემას მოვაგვარებთ“, — განაცხადა თბილისის მერმა.
სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებას დედაქალაქის მასშტაბით თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ამისათვის ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი.