Georgian Manganese მაღაროში უსაფრთხოების წესების დარღვევას უარყოფს

კომპანია Georgian Manganese-ის ხელმძღვანელობა ჭიათურის მაღაროში ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებას დაელოდება.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ჭიათურის მაღაროს პირველადმა დათვალიერებამ, სადაც დღეს გამთენიისას ადამიანი დაიღუპა, დანაშაულის კვალი არ გამოავლინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ოპერატორი კომპანია Georgian Manganese-ის ქალაქში მაღაროების სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ჭიათურის მაღაროში დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

მაღაროს ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა მაღაროელი ზაზა აბრამიშვილი. ის დაახლოებით 45 წლის იყო. მამაკაცის ცხედარი სამი კილომეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა. პროფკავშირების ინფორმაციით, მაღარო ავარიული იყო, მაგრამ იქ სამუშაოები მაინც მიმდინარეობდა.

„პირველადი დათვალიერით შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის რაიმე კვალი არ შეინიშნება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა წესი დაცული იყო. მიუხედავად ამისა, დაველოდებით გამოძიებას და ძალზე მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება", — განაცხადა ჩიქოვანმა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლით — უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს. დანაშაული ისჯება ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.