თბილისი, 25 მარტი — Sputnik. გლდანის მე-6 მიკრორაიონში 13 000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა, იუწყება თბილისის მერიის ვებგვერდი.
„აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გაუბედურებულია. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქ ვიმყოფებოდი, შევხვდი მოსახლეობას და პირობა მივეცი, რომ აქ ავაშენებდით ერთ-ერთ საუკეთესო პარკს. როგორც დაპირება იყო, ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას“, — განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, პარკის პროექტი მზად არის. თუმცა დიზაინის დასახვეწად მცირე ცვლილებები გახდება საჭირო. მერია ტენდერს გამოაცხადებს და სამუშაოებს გაზაფხულიდან დაიწყებს.
„გლდანს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული პარკი ექნება”, — აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა პარკის გასაშენებლად შერჩეული ტერიტორია დღეს გლდანის რაიონის გამგებელთან, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად მოინახულა.