თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ყოფილი გენერალური დირექტორის — ზვიად დევდარიანის მიმართ ქალთა ადევნებაში გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრომ 2018 წლის 23 მარტს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს.
„მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში“, — ნათქვამია განცხადებაში.
იქვე მითითებულია პოლიციის საკონტაქტო მონაცემები და მისამართი — კორნელი ჩალაძის ქუჩა, №1.
„ტაბულას“ ვებგვერდზე 17 მარტს ოთხი ქალი წერდა, რომ სხვადასხვა წლებში დევდარიანი სექსულაური ხასიათის თხოვნებით მიმართავდა და ინტიმური კავშირის დამყარებას სთხოვდა. ქალებმა საკუთარი ვინაობა დამალეს. ოთხიდან ორი ქალი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, მესამეს სამსახურში მოწყობა სურდა, ხოლო მეოთხე მას ერთ-ერთ ღონისძიებაზე გადააწყდა.
თავად დევდარიანი უარყოფს მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს და ამბობს, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო, მიზანმიმართულად დააშანტაჟეს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.