თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ლიტვის გუნდი ანგარიშით 4:0 ამხანაგურ მატჩში გაანადგურა, რომელიც თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა.
ოთხივე გოლი ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა შეხვედრის პირველ 45 წუთში გაიტანეს. საქართველოს ნაკრებმა ერთგვარი რეკორდი დაამყარა — პირველად პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანა.
პირველად ტაბლოზე გიორგი პაპუნაშვილის გვარი გამოჩნდა. ესპანური „სარაგოსას“ ნახევარმცველმა გიორგი ნავალოვსკის ზუსტი პასი გამოიყენა და მე-15 წუთზე საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
მეორე გოლის ავტორი 23-ე წუთზე ვენის „რაპიდის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გახდა. რვა წუთის შემდეგ ქვილითაიას წინააღმდეგ ფოლის გამო დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ვაკო ყაზაიშვილმა ზუსტად შეასრულა.
საბოლოო ანგარიში დაამყარა ბელგიის „გენტას“ 18 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომლისთის ეს თამაში ნაკრების შემადგენლობაში პირველი გახდა.
ერთადერთი, რამაც ქართველი ქომაგების სიხარული დაჩრდილა, ჯანო ანანიძის ტრავმა გახდა. მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი უხერხულად დაეცა და მას მოედნის დატოვება საკაცით შეხვედრის დასაწყისშივე მოუწია. იმის შესახებ, რამდენად სერიოზულია ანანიძის ტრავმა, ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები 27 მარტს გამართავს. თამაში კვლავ მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება. ქომაგებისთვის დასწრება დღეის მსგავსად, თავისუფალი იქნება.