„ქართული მარშის“ წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობაში დაელოდებიან

აქტივისტების ადვოკატი, რომლებმაც ტელეარხ Rustavi2-თან არეულობა მოაწყვეს, თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობასთან არეულობის მოწყობისთვის ექვსივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

19 მარტს ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის" აქტივისტები შეიკრიბნენ და გადაცემა P.S.-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას ერთ-ერთი სიუჟეტის სიტყვები გააპროტესტეს, და მორწმუნეთა გრძნობების შელახვისთვის მასთან ანგარიშსწორება გადაწყვიტეს. მათ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ, ხოლო სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს ცხვირი გაუტეხეს.

„ირაკლი დ.-ს, ვლადიმერ ს.-ს, ლუკა ნ.-ს, მიხეილ ა.-ს, გიორგი ო.-ს და ბექა რ.-ს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქომ კომპანია „აიისა" და ტელეარხი „რუსთავი 2" გააკრიტიკა

გიორგი ო.-ს ასევე ბრალად ედება ჟურნალისტ დავით ერაძის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ლუკა ნ.-ს, გამოძიება იურისტ თამთა მურადაშვილის კუთვნილი მანქანის განზრახ დაზიანებას ედავება. მეტიც, ის მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. 

„ბრალდების თანახმად, ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად, 2018 წლის 19 მარტს, „რუსთავი 2’’ —ის შენობის წინ შეიკრიბნენ და კომპანიის თანამშრომლების მიმართ იგინებოდნენ, გამოხატავდნენ აგრესიას და აშკარა უპატივცემულობას იქ მყოფი საზოგადოების მიმართ, რასაც დაემატა კომპანიის თანამშრომლების მიმართ ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა“, — ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულთა ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აპელაციის შეტანას გეგმავს.

დაკავებულთა შორის არის „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო (ვლადიმერ) სადღობელაშვილი.

საქმის წინასწარი მოსმენა 8 მაისს გაიმართება.

„ქართული მარშის“ უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ სიუჟეტის შესავალ სიტყვაში, რომელიც აჭარიდან და გურიიდან ექს-მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის თემას ეხებოდა, გაბუნიამ განაცხადა, რომ „იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა". ჟურნალისტის სიტყვებით, ის უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში, სადაც „ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი".

გაბუნიას სიტყვები საქართველოს საპატრიარქომაც დაგმო, რომელმაც აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების გამოყენება მჭიდროდ არის დაკავშირებული პასუხისმგებლობასა და სხვა ადამიანების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასთან.