პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 9 პირია დაკავებული - ვიდეოკადრები

პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ითვალისწინებს ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და აჭარაში 9 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულია თურქეთის სამი მოქალაქე, ჩინეთის ერთი მოქალაქე და საქართველოს 5 მოქალაქე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, სასტუმროს თურქი მფლობელი და დაწესებულების ადმინისტრატორი გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

შსს-ს ანგარიში: ორ კვირაში უკანონო იარაღის გამო 11 პირი დააკავეს

ამავე ბრალდებით, თბილისში დაკავებულია ჩინური მასაჟის ერთ-ერთი სალონის ადმინისტრატორი. 51 წლის ჩინეთის მოქალაქე გასამრჯელოს სანაცვლოდ, ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. 

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონიოსა და ქობულეთში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, ექვსი პირი, მათ შორის, ორი თურქი ამხილა.

მხილებულები საკუთარ და დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროების ნომრებსა და ფართებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.

ყველა ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლით („პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა“) მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.