ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებულებს შეიძლება ბრალი შეუმსუბუქონ

აჰმედ ჩატაევის დახმარებისთვის ორი ბრალდებულის საქმეს სასამართლო დანარჩენებისგან ცალკე განიხილავს.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სხვებისგან ცალკე განიხილოს ტერორისტებისთვის დახმარების საქმეში ბრალდებულების ზურაბ გორნაკაშვილისა და ბაადურ ჩოფანაშვილის საქმეები. მათთან მოგვიანებით შეიძლება საპროცესო გარიგება დაიდოს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცნობილი ტერორისტის აჰმედ ჩატაევისა და მისი ორი თანამზრახველის ლიკვიდაცია შემოდგომაზე მოხდა. პირველმა თავი აიფეთქა, ხოლო ორი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს (თბილისში 2017 წლის 21-22 ნოემბერს) იყო ლიკვიდირებული. მათი კიდევ ერთი თანამზრახველი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.

მაჩალიკაშვილს, შესაძლოა, შეცდომით ესროლეს – ტერორიზმის საქმის ახალი დეტალები

მოგვიანებით ჩატაევის მხარდაჭერისთვის საქართველოში კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს. ერთი სპეცოპერაციისას დაიჭრა და ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. ყველას წარედგინა ბრალდება ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის უზრუნველყოფის ან მატერიალური მხარდაჭერის მუხლით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

„გორნაკაშვილმა და ჩოფანაშვილმა უკვე მისცეს ჩვენება, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ მათ მიმართ მსუბუქი ზომები გატარდეს", — განაცხადა ერთ-ერთმა ბრალმდებელმა ნანა ხუნჯუამ.

საქმეზე მეორე პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულების ადვოკატებს საპროცესო გარიგების დადების შესახებ ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

ტერორიზმში ბრალდებულები რუსეთის მოქალაქეები არიან, მათ მხარდაჭერაში ბრალდებულები — საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.