ვაისი: უეფას ერთა ლიგა შანსია საქართველოს ნაკრებისთვის

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ესტონეთთან და ლიტვასთან მატჩებისთვის ემზადება
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლიტვისა (24 მარტს) და ესტონეთის (27 მარტს) ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა. თამაშები თბილისში გაიმართება.

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის კარგი მომზადება სჭირდება, ამიტომ ამ ტურნირში წარმატება გუნდის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსია. 

„უეფას ერთა ლიგის ფორმატი საქართველოს ნაკრებს კარგ შანსს აძლევს, რომ წარმატებას მიაღწიოს. მთელ ქვეყანას უნდა, რომ მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, და ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენს ჯგუფში ყველას უნდა პირველი ადგილის დაკავება, ჩვენ ჩვენს მეტოქეებს პატივისცემით უნდა მოვეპყრათ“, – განაცხადა ვაისმა პრესკონფერენციაზე.

სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ წარმატებისთვის სწრაფი და დაბალანსებული შეტევია საჭირო. სწორედ ამიტომ ლიტვისა და ესტონეთის წინააღმდეგ მატჩებში ყველა მოთამაშეს შეამოწმებს მოქმედებაში. ეს შეეხება მეკარეებსაც, რომლებიც თუნდაც ერთ ტაიმს ითამაშებენ.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგის პირველ ასეულს გამოეთიშა

ვაისი კმაყოფილია იმით, რომ ეროვნული გუნდის ძირითადად ყველა ფეხბურთელს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს.

სპეციალისტმა არ გამორიცხა, რომ ერთ–ერთ მატჩში ორი ფორვარდით ითამაშებს, თუმცა მეტად აღარ დაუკონკრეტებია.

ეს ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ამ სეზონში პირველი იქნება. ამჟამად ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 101–ე ადგილზეა, ლიტვა – 147–ეზე, ხოლო ესტონეთი – 86–ეზე.

ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი – 19:00 საათზე. მატჩებზე დასწრება უფასოა.

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრები D ლიგაში (ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდები) პირველ ჯგუფში გამოდის. მისი მეტოქეები არიან ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის გუნდები. შემდეგ რაუნდში მხოლოდ ჯგუფში გამარჯვებული გადადის.

ტურნირი ამა წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები პირველ გასვლით მატჩს 4 სექტემბერს ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს.