თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში გამართული ოფიციალური შეხვედრის ცერემონიით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ორი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა, რის შემდეგაც ლუკაშენკო და მარგველაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს მიესალმნენ. ლუკაშენკოს განსაკუთრებული ინტერესი თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოიწვია, რომელთანაც მან გარკვეული დროის განმავლობაში ისაუბრა კიდეც.
ბელარუსის პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა. აეროპორტში სტუმარს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვატო მახარობლიშვილი დახვდნენ.
ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.
მოგვიანებით ლუკაშენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ლუკაშენკოს საქართველოში მეორე ვიზიტი იქნება. პირველი ვიზიტი 2015 წელს შედგა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით საკმაოდ წარმატებულიც გახდა. თბილისში ბელარუსის საელჩო გაიხსნა, აგრეთვე ბელარუსული წარმოების პროდუქტების მაღაზიათა ქსელი „ბელარუსკი" გაჩნდა.