საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტას გამოუშვებენ

ახალი საკოლექციო მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმში და ბანკის ონლაინ–მაღაზიაში.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ვერცხლის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

10 ლარის ნომინალის მონეტას 1,5 ათასი ეგზემპლარს გამოუშვებენ. ერთი მონეტის ღირებულება იქნება 100 ლარი. მისი შეძენა 15 მაისიდან შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმში და ბანკის ონლაინ–მაღაზიაში.

ეროვნულმა ბანკმა თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები — მოფრიალე დროშა და გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: „26 მაისი", „1918", „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა" და „10".  

რევერსზე გამოსახულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოები. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: „საქართველო", „10 ლარი", „2018" და „GEORGIA".

საკოლექციო მონეტის დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე. მონეტა იწონის 15,5 გრამს. მისი დიამეტრია 33 მილიმეტრი.