ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის რადიდან გასვლისას დააკავეს – ვიდეოკადრები

კენჭისყრის პროცედურის დამთავრების შემდეგ, EADaily-ის ინფორმაციით, სავჩენკომ სხდომათა დარბაზი დატოვა, სარეგისტრაციო ბარათი ჩააბარა და შენობიდან გავიდა.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს რადაში წაუკითხეს ტექსტი, სადაც მის მიმართ არსებულ ეჭვებზე იყო საუბარი, ხოლო შემდეგ დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მანამდე უკრაინის პარლამენტმა, გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს მოთხოვნით, სავჩენკოს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა და თანხმობა განაცხადა მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, დაკავებასა და დაპატიმრებაზე.

გენერალური პროკურატურა ნადეჟდა სავჩენკოს პარლამენტის შენობაში ტერაქტის მომზადებაში სდებს ბრალს.

„უკრაინის უმაღლესი რადის 2018 წლის 22 მარტის დადგენილების საფუძველზე… გაკავებთ როგორც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილს“, — მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა ალექსანდრ ტომუსიაკმა სავჩენკოს, რაც ტელეარხ 112-ის ეთერით გადაიცა.

სხვა ინფორმაციით, რომელიც EADaily-მ გაავრცელა, იური ლუცენკომ რადაში სავჩენკოს ბრალის დამადასტურებელი ვიდეო წარმოადგინა. შემდეგ გაიმართა კენჭისყრა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასა და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. კენჭისყრის შედეგებით, ნადეჟდა სავჩენკოს დაკავებას მხარი 277-მა, ხოლო დაპატიმრებას 268 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აღნიშნული პროცედურის დამთავრების შემდეგ, EADaily-ის ინფორმაციით, სავჩენკომ სხდომათა დარბაზი დატოვა, სარეგისტრაციო ბარათი ჩააბარა და შენობიდან გავიდა.

როგორც РИА Новости Украина წერს, პარლამენტის გასასვლეში სავჩენკოს სამართალდამცველები დახვდნენ, რომლებმაც ის დააკავეს.