თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.
როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, დაავადებულმა პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ერთი პაციენტი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე – ქუთაისის, მესამე კი ამ დროისთვის საავადმყოფოდან გაწერეს.
„დაავადებული საქონლის დაკვლა კერძო სახლში მოხდა და დაავადდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ხორცის დამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს", — აღნიშნა ეპიდემიოლოგმა ზიზი გაგუამ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაავადებული საქონლის ხორცი უკვე გაანადგურა და შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
გასულ წელს ჯილეხის დაავადებით ფოთში 28 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ჯილეხით, ანუ ციმბირული წყლულით ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ასეთი ცხოველების თერმულად დაუმუშავებელ ხორცთან კონტაქტით.