საქართველოში მეორე დღეა ჟურნალისტებს სცემენ

ტელეარხ „ობიექტივის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მონაწილეობით ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან მშენებლობის შესახებ სიუჟეტს ამზადებდნენ
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღები ჯგუფის ცემის გამო შსს-მ სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით აღძრა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი ავლაბრის რაიონში ცუცქირიძის ქუჩაზე მოხდა.

კონფლიქტი სასტუმრო King Edward-ის მიმდებარედ მშენებარე ობიექტის გადაღებისას სასტუმროს მფლობელებთან — მამა-შვილ ელიბეგოვებთან მოხდა. „ობიექტივის“ მონაცემებით, სასტუმროსთან მშენებლობას უფროსი ელიბეგოვის მეუღლე აწარმოებს.

„პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი, 1994 წელს დაბადებული ნ.ლ. და ოპერატორი, 1993 წელს დაბადებული დ.მ. დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ, რისთვისაც ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გადაღებას ახორციელებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს მფლობელელთან, 1960 წელს დაბადებულ გ.ე.-სთან და 1996 წელს დაბადებული ე.ე.-სთან სიტყვიერი კონფილქტი მოუხდათ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი 2": ტელეკომპანიის ოფისს თავს დაესხნენ

„ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ანა კიკნაძემ უამბო „Sputnik-საქართველოს“, რომ ტელეარხის ოპერატორი დავით მახარაძე და ჟურნალისტი ნინო ლორჩოშვილი წერდნენ ქალბატონს, რომელიც მშენებლობის კანონიერებას ასაჩივრებს.

„ისინი შევიდნენ გამორთული კამერით, რათა დაედგინათ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რათა ისინი ჩაეწერათ როგორც მეორე მხარე… ჩანაწერებში [ვიდეოდაკვირვების] დავინახე, რომ ჟურნალისტი და ოპერატორი შედიან სასტუმროს ფოიეში, სადაც მაქსიმუმ ორი წუთის განმავლობაში ესაუბრებიან გოგა ელიბეგოვს“, — განაცხადა ანა კიკნაძემ.

შემდეგ, მისი თქმით, გამოვიდა გოგა ელიბეგოვის ვაჟი ედუარდ ელიბეგოვი, რომელმაც ოპეარტორს მხარზე დაარტყა. შეხლა-შემოხლა გარეთ გაგრძელდა.

„მე ვესაუბრე მოწმეებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ოპერატორსა და ჟურნალისტს რამდენიმე ადამიანი ურტყამდა. ფიზიკური დაზიანებები სახეზეა. ოპერატორს თვალთან ჩაქცევა აქვს, თმები დააგლიჯეს… საშინელი კადრებია. ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი“, — აღნიშნა კიკნაძემ.

მამა-შვილ ელიბეგოვებს მედიისთვის კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ბოლო ორ დღეში ეს ჟურნალისტების ცემის უკვე მეორე შემთხვევაა. ორშაბათს ინციდენტი მოხდა ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობასთან, სადაც მოძრაობა „ქართული მარშის“ წარმომადგენლები გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას კვირის ეთერში გასულ გამონათქვამს აპროტესტებდნენ.

ჟურნალისტმა შესავალ სიტყვაში სიუჟეტის წინ, რომელიც აჭარასა და გურაში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვას ეხებოდა, განაცხადა, რომ „იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა“. ჟურნალისტის თქმით, ის უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და „ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი“. 

თბილისში „ნაცმოძრაობის“ წევრს სცემეს

აქციის მოანწილეებმა დაბლოკეს და შემდეგ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ, და მათ ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს. შემდეგ „ქართული მარშის“ აქტივისტებსა და ტელეარხის სხვა თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რომლის შედეგად სპორტულ ჟურნალსიტ დავით ერაძეს ცხვირი გაუტეხეს.

პოლიციამ დააკავა ექვსი ადამიანი, სამი მათგანი სამშაბათს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენი სამი პირის სასამართლო 16 აპრილს შედგება.

ინციდენტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლებით, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან ას 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან 3 წლამდე.