ტყიბულში მამაკაცმა მეზობელს ცეცხლი წაუკიდა

ბრალდებულს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. მეზობლისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში შსს-ს თანამშრომლებმა 69 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი კვირას მოხდა. გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა თავის 51 წლის მეზობელს შეკამათების შემდეგ საწვავი გადაასხა და ცეხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ადგილზევე დააკავეს.

რაც შეეხება დაშავებულს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ის შოკურ მდგომარეობაშია და თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება", რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.