ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუმინელებს ანგარიშით 25:16 მოუგეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი მოიგო
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ევროპის ერთა თასის ფარგლებში გამართული მატჩი რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს მოგებით 25:16 დასრულდა და საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის თასის და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი გახდა, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური Facebook-გვერდი.

თამაში თბილისში „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართა.

თამაშის დროს თავი გამოიჩინა სოსო მათიაშვილმა, რომელმაც წარმატებული საჯარიმო დარტყმა შეასრულა. ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 3:0 გახდა.

რაგბი: საქართველო-რუმინეთის ნაკრებების შეხვედრის წინ

შემდეგ ლელო დაამიწა ლაშა ლომიძემ, ხოლო გარდასახვა ისევ სოსო მათიაშცილმა შეასრულა. ამან სხვაობა გაზარდა და ანგარიში 10:3 გახდა. შემდეგ რუმინელებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში შეიცვალა და 10:6 გახდა.

ცოტა ხანში ლელო ანზორ სიჭინავამ დადო, გარდასახვა კი კვლავ სოსო მათიაშვილმა განახორციელა. სხვაობა ისევ გაიზარდა — 17:6 საქართველოს სასარგებლოდ. რამდენიმე წუთში სოსო მათიაშვილმა წარმატებული ჯარიმა შეასრულა და ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 20:6 დადგა.

ამის შემდეგ კარლენ ასიეშვილმა ლელო დადო, გარდასახვა სამწუხაროდ არ გავიდა და ანგარიში 25:9 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ იყო.

ამის შემდეგ რუმინელებმა ლელო დადეს და გარდასახვაც შეასრულეს. მატჩი საბოლოო ანგარიშით 25:16 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ტურნირის გამარჯვებული გახდა და ამავე დროს ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელიც გახდა. აღნიშნული ტურნირი საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს შორის ტრადიციულად თამაშდება.

მეტოქეები ერთმანეთს სულ 22-ჯერ შეხვდნენ და ჯერჯერობით ანგარიში ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ არის — 12:9. კიდევ ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

პირველად საქართველოს და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს 1998 წელს დუბლინში შეხვდნენ. მაშინ რუმინელებმა ანგარიშით 27:23 მოიგეს. ქართველებმა მათ სამი წლის შემდეგ ბუქარესტში ანგარიშით 31:20 სძლიეს.

თბილისში გუნდები ცხრაჯერ შეხვდნენ. პირველი სამი მატჩი სტუმრებმა მოიგეს, დანარჩენი ექვსი 2005 წლიდან მასპინძელმა მოიგო. განსაკუთრებით ლამაზი იყო 2016 წელს გამართული თამაში, როდესაც ბორჯღალოსნებმა რუმინეთი ანგარიშით 38:9 გაანადგურეს.

ნაკრებები ბოლოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს 2017 წლის მარტში ბუქარესტში. მასპინძელმა ანგარიშით 8:7 მოიგო და ევროპის ერთა ტურნირთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიგო, რითაც საქართველოს ნაკრების ექვსწლიანი გეგემონია შეწყვიტა. თუმცა დღეიდან საქართველოს რაგბის ნაკრებმა ეს გეგემონია ისევ დაიბრუნა.