გუდაურის საბაგიროზე დაშავებულთა მდგომარეობა: ბოლო ცნობები

დაშავებულები და მათი თანმხლები პირები კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყვეს.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. 16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

16 მარტს, სისტემური გაუმართაობის გამო, სავარძლების ნაწილი, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ქვედა სადგურისკენ უკუსვლით დაგორდა და ერთმანეთს შეეჯახა. გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

გუდაურში დაშავებულებს შორის ერთ-ერთი შვედეთის მოქალაქე, ორსული ქალია. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ორსული ტურისტი კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს და მასზე დაკვირვება გრძელდება.

გუდაურში საერთაშორისო ექსპერტებს ელოდებიან

შვედეთის მოქალაის გარდა, გუდაურში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი პაციენტი კვლავ განაგრძობს მკურნალობას ღუდუშაურის საავადმყოფოში. ერთ-ერთ მათგანის, უკრაინის მოქალაქეს, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

ოთხი პაციენტიდან სამი მსუბუქი დაზიანებით განაგრძობს მკურნალობას, ერთი, რომელსაც ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დაშავებულები და მათი თანმხლები პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყო. 

გუდაურში დაშავებული რუსეთის მოქალაქე ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს და ის კვლავ გუდაურში თხილამურებზე სასრიალოდ დაბრუნდა.

დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დაფარავს მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც საბაგიროს ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. 

გუდაურის საბაგიროზე, რომელზეც ავარია მოხდა, ექსპერტები უკვე მუშაობენ. მათ ავარიის გამომწვევი მიზეზები უნდა დაადგინონ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.