თბილისი, 18 მარტი — Sputnik. გუდაურში რამდენიმე წუთში საერთაშორისო ექსპერტებს ელოდებიან, რომლებიც დაადგენენ, თუ რა გახდა საბაგიროს ავარიის მიზეზი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
16 მარტს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა და ავარია მოხდა, რის გამოც, წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან საქართველოს ერთი მოქალაქე, უკრაინის ორი მოქალაქე და შვედეთის ერთი მოქალაქე, ორსული ქალბატონი. მოგვიანებით სამედიცინო დახმარება კიდევ სამ ადამიანს დასჭირდა. დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.
საქართველოს მთავრობის მოწვევით, გუადურში დღეს შემთხვევის ადგილზე ჩავა საექსპერტო კომპანია „ბიურო ვერიტას“ ექსპერტთა ოთხკაციანი ჯგუფი. ექსპერტები შეისწავლიან მომხდარს და დადებენ დასკვნას, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. გუდაურში ასევე ელოდებიან ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებსაც, რომელიც აღნიშნული საბაგიროების მწარმოებელია.
შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ ადგილობრივი ექსპერტები, თუმცა ჯერჯერობით ვერ აცხადებენ, რა გახდა ავარიის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.