თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ხმას აძლევენ #8031 საარჩევნო უბანზე, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე არ ტარდება.
სამოქალაქო ვალის მოსახდელად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოდან გიუმრიში შაბათ საღამოს გაემგზავრნენ და ღამე სადგურში გაატარეს.
ამ მომენტისათვის ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი აქტიურობა შეინიშნება. საკუთარი სამოქალაქო ვალი მოიხადა გიუმრიში რუსეთის კონსულმა ალექსანდრ კოპნინმა, რომელიც აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.
„ამომრჩევლები აქტიურად მოდიან, დღეს დაახლლოებით ორი ათას ამომრჩეველს ველოდებით. ეს ჩვენი მოლოდინი და წინასწარი შეფასებაა. შეიძლება, გაცილებით მეტი ადამიანიც მოვიდეს, რადგან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი ინტერესი ყოველთვის დიდია და დასწრება მაღალია. ხმის მიცემა შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საკონსულო ორგანოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობენ, ასევე დროებით მყოფ ტურისტებს“, — განაცხადა კონსულმა.
18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სულ არჩევნების დღეს 97 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, აქედან 400-ზე მეტი უცხოეთში მდებარეობს.
კენჭისყრის პროცედურას 109 ქვეყნიდან დაახლოებით 1500 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.
რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე რვა კანდიდატი იყრის კენჭს.