გუდაურის საბაგიროზე დაშავებულთა მდგომარეობა: ბოლო ცნობები

დაშავებულები და მათი თანმხლები პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინტრაციამ კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყო.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საბაგირო დალუქულია და ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

16 მარტს, სისტემური გაუმართაობის გამო, სავარძლების ნაწილი, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ქვედა სადგურისკენ უკუსვლით დაგორდა და ერთმანეთს შეეჯახა. ბოლო მომაცემებით, გუდაურში მომხდარის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭირაქაძე ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ ამას უცხოელი ექსპერტები გაარკვევენ.

„ვერსიებზე ვერ გაგცემთ ვერანაირ პასუხს, სანამ დასკვნა არ დაიდება და არ გაირკვევა ზუსტად მიზეზი ამ შემთხვევის, მანამდე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ შემთხვევაში დალუქულია საბაგირო, შემოსაზღვრუია ყვითელი ლენტით, ველოდებით უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც ჩამოვლენ და გაარკვევენ, რა იყო მიზეზი ამ შემთხვევის", — განაცხადა ირაკლი ჭირაქაძემ.

გუდაურის საბაგირომ ადამიანები დაასახიჩრა - ახალი ვიდეოკადრები თვითმხილველისგან

დაშავებულები და მათი თანმხლები პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინტრაციამ კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყო. 

დაშავებულთაგან ერთ-ერთი შვედეთის მოქალაქე ორსულია. იგი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ კლინიკა „მედიქლაბჯორჯიაში“ მოინახულა. მისი თქმით, შვედეთის მოქალაქე 15 კვირის ორსულია, შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გუდაურში დაშავებული რუსეთის მოქალაქე ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 16 მარტს გუდაურში საავარიო ტრასის ავარიულად გაჩერების გამო, დაშავებული რუსეთის მოქალაქე ოლეგ ვიტროვი, რომელიც გუშინ სამედიცინო შემოწმების მიზნით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იყო გადაყვანილი, უკვე გაეწერა საავადმყოფოდან და თხილამურებით სასრიალოდ გუდაურში დაბრუნდა. ამის შესახებ განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ღუდუშაურის კლინიკაში დაშავებულები მოინახულა.

გუდაურში დაშავებული ორსულის მდგომარეობაზე ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა

„დღეს დილით ოლეგ ვიტროვი გაეწერა საავადმყოფოდან და ის უკვე სრიალებს გუდაურში ტრასაზე, რაც ძალიან სასიხარულოა და ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია. ვესაუბრე დანარჩენ პაციენტებს. პრინციპში ყველა მათგანი არის კონტაქტური, მათ შორის, ყველაზე მძიმე პაციენტი ქალბატონი უკრაინელი, ისიც ამ წუთში კონტაქტურია. სავარაუდოდ, დღევანდელი დაკვირვების შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, რომ ექიმები 4 პაციენტს გაწერენ და შესაბამისად, სახლში გამგზავრების შესაძლებლობას მისცემენ. გუშინ 2 პაციენტი გაეწერა და გაფრინდა კიდეც თავის სამშობლოში. ჩვენ დაგვრჩება სავარაუდოდ, ერთი პაციენტი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი და ექიმები აკვირდებიან, რამდენად შესაძლებელია, რომ მისი ტრანსპორტირება დღეს ან ხვალ მოხდეს. უკრაინელი ქალბატონი, რომელიც ახლა ჯერ კიდევ რეანიმაციაში იმყოფება, კონტაქტურია, თუმცა რა თქმა უნდა, იქ კიდევ მნიშვნელოვანი ჩარევა არის საჭირო", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დაფარავს მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც საბაგიროს ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. 

ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

თუმცა, ენერგო პრო ჯორჯიაში“აცხადებენ, რომ გუდაურში გუშინდელი ინციდენტის დროს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. უფრო მეტიც, ძაბვის ცვალებადობაც კი არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.