ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მონაწილეობით დაგეგმილია ერთობლივი წრთვნები და ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) დღეს  შემოვიდა. 

ვიზიტის ფარგლებში ხომალდის ეკიპაჟის წარმომადგენლები სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თემურ კვანტალიანს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძეს და ქალაქ ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს შეხვდნენ.

„მსგავსი ვიზიტები ჩვენს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი მოქმედებების განმტკიცების ეფექტური საშუალებაა“, — განაცხადა კვანტალიანმა.

აშშ-ის ხომალდზე დაგეგმილია ერთობლივი წრთვნები (PASSEX), რა დროსაც ამერიკული ხომალდიდან დესანტირებისა და ამფიბიური მანევრების დემონსტრირება გაიმართება.

ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში, რის შემდეგაც  ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.

უწყების ცნობით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) საქართველოში 20 მარტამდე დარჩება.