პეკინში ქართულ ენას შეისწავლიან

პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის ინიციატივით სტუდენტები ქართული ენის შესწავლას დაიწყებენ.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ენის სწავლას შეძლებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინიციატივა პეკინის უნივერსიტეტს ეკუთვნის. ჩინეთში საქართველოს ელჩთან აღნიშნული საკითხის შეთანხმების შემდეგ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქართული ენის სასწავლო კურსების გახსნის შესახებ, რომელსაც მეცნიერ-პედაგოგი ნანა გოგოხია უხელმძღვანელებს.

ბელგიაში ლევენის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა დაარსდება

„მე, როგორც ქართველი, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ჩინელი სტუდენტები ქართულ ენას შეისწავლიან, გაეცნობიან ქართული ენის კულტურას და მის მრავალფეროვნებას, ჩვენი ენის ისტორიას“, — განაცხადა გოგოხიამ.

მისი სიტყვებით, ჩინეთში ქართული ენის სწავლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და უფრო მეტად დაახლოების საფუძველი გახდება.

1941 წელს დაარსებულ პეკინის უნივერსიტეტს ჩინეთის ლინგვისტურ სასწავლებლებს შორის დამსახურებული ადგილი უჭირავს. უნივერსიტეტი შედგება 13 სკოლა-ფაკულტეტისგან, შვიდი აკადემიური დეპარტამენტისგან და ათზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისგან.