მიგრანტები თავს დაესხნენ დიპლომატებს, რომლებმაც რესტორანს შეაფარეს თავი – ვიდეოკადრები

საპროტესტო აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეემტვრიათ რესტორნის კარი, თუმცა ადგილზე დროულად გამოცხადებულმა პოლიციამ დიპლომატების ევაკუაცია მოასწრო.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ლავაპიესის რაიონში მორიგი შეტაკება მოხდა პოლიციასა და მიგრანტებს შორის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მიგრანტების თქმით, რომლებიც რაიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, სამართლადამცველებთან შეჯახება ერთ-ერთი მოვაჭრის სიკვდილს მოჰყვა, რომელიც პოლიციელებს გაურბოდა. რაც შეეხება პოლიციელებს, ისინი მიგრანტის სიკვდილთან კავშირს უარყოფენ.

შეტაკებისას მიგრანტები ცეცხლს უკიდებდნენ ნაგვის ურნებს, ამსხვრევდნენ მაღაზიებისა და ბანკების ვიტრინებს. ინციდენტისას დაშავდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, ხოლო ექვსი მიგრანტი დააკავეს.

დღეს ლავაპიესის რაიონს მადრიდში სენეგალის კონსული და სხვა დიპლომატები ეწვივნენ. მიტინგზე შეკრებილი მიგრანტები შეეცადნენ თავს დასხმოდნენ მათ, თუმცა დიპლომატებმა მოასწრეს და ერთ-ერთ რესტორანს შეაფარეს თავი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეემტვრიათ რესტორნის კარი, თუმცა ადგილზე დროულად გამოცხადებულმა პოლიციამ დიპლომატების ევაკუაცია მოასწრო. ამის შემდეგ მიგრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სკამები დაუშინეს, რასაც პოლიციამ რეზინის ტყვიებით უპასუხა.

ამ დროისათვის ინციდენტი აღმოფხვრილია, თუმცა მიტინგი კვლავ გრძელდება.