თბილისი, 15 მარტი — Sputnik. მსოფლიოში პირველი ქანდაკება, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეძღვნება, სლოვენიის ქალაქ კრანში დაიდგა, იუწყება ადგილობრივი მასმედია.
ბიტკოინის ლოგოტიპის ფორმის მეტალის კონსტრუქცია ქალაქის ცენტრთან ახლოს მოედანზე დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება უფრო კრიპტოვალუტას მოგაგონებთ, ვიდრე ბლოკჩეინს, ოფიციალურ ვებ–გვერდზე მითითებულია, რომ იგი სწორედ ბლოკჩეინს ეძღვნება.
„არა მარტო სლოვენიაში, მსოფლიოში ეს ამ ფორმის პირველი ქანდაკებაა და კრანში ამ ტექნოლოგიის საზეიმო აღნიშვნა მისი სასარგებლო ატრიბუტებისადმი პატივის მიგება იქნება. ქანდაკების წრიულ მოედანზე დადგმა საინფორმაციო ჯაჭვის ცენტრის სიმბოლოა, რომლისკენ მიმავალი გზებიც დეცენტრალიზებული შენაერთებია. ამგვარად, ძეგლი წარმოადგენს არა ქალაქის ეკოსისტემის ცენტრალურ წერტილს, არამედ კავშირის წერტილს მასში“, – ნათქვამია განცხადებაში.
კონსტრუქციის ავტორების განცხადებით, ისინი ქალაქისთვის ინოვაციური და ტექნოლოგიური ცენტრის სტატუსის დამკვიდრებას ცდილობენ.
ქანდაკების განთავსების იდეა კრანის მუნიციპალიტეტის მერს ეკუთვნის. სპონსორებად კი ორი სლოვენური კომპანია – Bitstamp-ის კრიპტოვალუტის ბირჟა და მობილური აპლიკაცია 3fs-ის შემქმნელი კომპანია დასახელდა.