ზუგდიდში სამი პირის დაჭრისთვის 33 წლის მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში სამშაბათს მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი ფოთში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სროლა ზუგდიდის ცენტრში – დაჭრილია სამი მამაკაცი

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. იგი წარსულში ნასამართლევია.

დაშავებული მამაკაცები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც „Sputnik–საქართველოს“ კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცებს ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული ჭრილობები ერთს — ბარძაყის არეში, მეორეს — გულ-მკერდის, მესამეს — ზურგის არეში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19–109 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით („ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება“). განზრახ მკვლელობის მუხლი 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.