გაბრიაძის თეატრი გასტროლებზე საფრანგეთში გაემგზავრა

ფრანგი მაყურებელი მსოფლიოში განთქმული რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სამ სპექტაკლს იხილავს
Sputnik

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საფრანგეთში დაიწყო რეზო გაბრიაძის ცნობილი მარიონეტების თეატრის გასტროლიები — დიდი ქართველი მეთოჯინისა და რეჟისორის შემოქმედებას ქვეყნის ექვს ქალაქსა და კომუნაში ნახავენ.

გაბრიაძის თეატრი უჩვენებს ფრანგებს სამ სპექტაკლს — „სტალინგრადი“, „რამონა“ და „მარშალ ფანტიეს ბრილიანტი“.

სპექტაკლები გაიმართება 8 აპრილის ჩათვლით დიუნკერკში, ვილნევ-დ’ასკეში, შიაზი-ლე-რუაში, სენ-მიშელე-სურ-ორჟეში, ესონში და მუჟენში.

წარმოდგენების სრული პროგრამა იხილეთ აქ.

მოზარდ-მაყურებელთა თეატრი იაპონიაში სპექტალით წარდგება

რეზო გაბრიაძემ მარიონეტების თეატრი თბილისში 1981 წელს დააარსა. რეჟისორი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე წერს პიესებს, ქმნის თოჯინებს და მათ თეატრის სცენაზე აცოცხლებს.

თეატრი თბილისში ანჩისხატის ეკლესიის გვერდით, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს.

თეატრის ფასადზე ოქროს ასოებით წერია გაბრიაძის დევიზი — Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare, რაც ნიშნავს: „დაე ცრემლი მხოლოდ ხახვის დაჭრის დროს გვდიოდეს“.

30 წლის განმავლობაში თეატრის სპექტაკლები ნახეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მონაწილეობდნენ დიდ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე — ავინიონში, ედინბურგში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, დრეზდენში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში.