კვირიკაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში: ექსპერტების შეფასებები

რა აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს და როგორია ქვეყნებს შორის წარმატებული ურთიერთობების ფორმულა - ამის შესახებ საკუთარი მოსაზრებები „Sputnik-საქართველოს“ ქართველმა და აზერბაიჯანის ექსპერტებმა გაუზიარეს
Sputnik

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაქოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, თავის კოლეგას არტურ რასიზადეს და პატივი მიაგო აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის ხსოვნას. კვირიკაშვილმა გვირგვინით შეამკო „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი ბაქოში.

გლობალური პროექტები და ურყევი მეგობრობა

პრემიერის შეხვედრებმა აზერბაიჯანში საუკეთესო მეზობლურ ტრადიციებში ჩაიარა. აღსანიშნავია მოლაპარაკებები პრეზიდენტ ალიევთან, სადაც საქართველო საუკეთესო საინვესტიციო კლიმატის ქვეყნად დასახელდა. მხარეებმა აღნიშნეს ის ფაქტი, რომ საქართველოში ინვესტიციების მოცულობით აზერბაიჯანი ექვსი წლის განმავლობაში ლიდერის პოზიციას იკავებს.

„ბუნებრივია, ამას უკვე არაერთი წელი ვაწყდებით და ორმხრივი ურთიერთობების აღფრთოვანებულ შეფასებებს ვისმენთ, მაგრამ ეს მართლაც ასეა. ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე საქართველოსთვის“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ილგარ ველიზადემ.

ველიზადემ ხაზგასმით აღნიშნა რეგიონულ დონეზე არსებული ისეთი პროექტების მნიშვნელობა, როგორიცაა „გაზის სამხრეთის დერეფანი“, რომლის მეშვეობით აზერბაიჯანული, კერძოდ კასპიის ზღვის ბუნებრივი აირი ევროპაში უნდა მოხვდეს, და რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი. კვირიკაშვილის ბაქოში წინა ვიზიტის დროს გაიმართა ამ რკინიგზის გახსნის ცერემონია.

„იმაში არაფერია გასაკვირი, რომ საქართველოს პრემიერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან მრავალფეროვანია, ბევრი საკითხი გროვდება და გადაწყვეტას მოითხოვს“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდემტმა ორი ქვეყნის ხალხებს შორის უბრალო ადამიანურ ურთიერთობებსაც შეეხო. ალიევმა აღნიშნა, რომ ყველა სტრატეგიული და ეკონომიკური პროექტის წარმატება „მეგობრობასა და ძმობას“ ეყრდნობა.

ამასთან დაკავშირებით მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ ამ ურთიერთობებს მუდმივი დინამიკა უნდა ახასიათებდეს.

„ადამიანური ურთიერთობები ამოუწურავი უნდა იყოს. ხალხებს, ადამიანებს შორის ურთიერთობა არ უნდა წყდებოდეს, მხოლოდ ასეთი ფორმულა განაპირობებს წარმატებას“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.

სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე

საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერების შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება გახდა.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კარგ და სტაბილურ ურთიერთობებზე დამოკიდებულია მთელი რიგი სტრატეგიული პრექტებისა, რომელიც ეხება არამარტო ჩვენს რეგიონს, არამედ სხვა, ჩვენთან მოსაზღვრე სუბრეგიონებსაც. ამ თვალსაზრისით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში ყურადღებას იპყრობს და ძალიან მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა ველიზადემ.

სიტუაცია რეგიონში ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ ერთობლივი მოქმედებაა საჭირო — ეს არის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი, ფუნდამენტური ღირებულება, აღნიშნა თავის მხრივ მენაღარიშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის ინფორმირება იმ დინამიკასთან დაკავშირებული თვალსაზრისების შესახებ, რომელიც რეგიონში იქმნება“, — ხაზგასმით აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მეთაურების ვიზიტები, ისე ცალკეული უწყებების ხელმძღვანელების ორმხრივი სამუშაო ვიზიტები.

„ცალკეული უწყებების ხელმძღვანელების სამუშაო ვიზიტები ორმხრივ ურთიერთობებს კონკრეტულ შინაარს სძენს და საკითხების ოპერატიულ გადაჭრას ემსახურება. ეს ვიზიტები სრულიად შეესაბამება იმ კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა“, — განაცხადა ველიზადემ.