ცხოვრება „სითი პარკის“ შემდეგ - ცვლილებების დეტალები

კომპანია „სითი პარკისგან“ შეძენილი ნებართვები პარკირებაზე მასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგაც ძალაში დარჩება
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის მერია არწმუნებს ავტომობილების მძღოლებს, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ პარკირების საფასური და წესების დარღვევისთვის არსებული ჯარიმები იგივე დარჩება.

„სითი პარკთან" კონტრაქტი 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც მის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს და განახორციელებს, განაცხადა მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ. „სითი პარკით" უკმაყოფილებას გამოხატავდა მისი წინამორბედი დავით ნარმანიაც, რომელიც 2007 წელს გაფორმებულ კონტრაქტს კაბალურს უწოდებდა.

„2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა „სითი პარკის" ანგარიშზე, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ. 2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ“, — აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზე გავრცელდა.

ჯარიმები არ გაუქმებულა – რა შეიცვლება თბილისში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ

2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ „სითი პარკი" გამოწერს, 10 აპრილიდან კი —„ თბილისის სატრანსპორტო კომპანია“. 

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.

პარკირების წესების დარღვევის გამო ავტომანქანების ევაკუაცია 10 აპრილამდე კომპანია „სითი პარკის" მიერ აქამდე არსებულ ლოკაციებზე განხორციელდება, ხოლო 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს.

ჯერ კიდევ მერის არჩევნებამდე კახა კალაძე აცხადებდა, რომ თბილისელები „სითი პარკის“ მუშაობით უკმაყოფილონი არიან. ჯარიმების გასაჩივრებისას შემთხვევების 99%-ში გადაწყვეტილება მოქალაქეების სასარგებლოდ მიიღებოდა. რაც, კალაძის თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია უკანონოდ მოქმედებს.

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა.

„სითი პარკს" უფლება აქვს არასწორი პარკირებისთვის ჯარიმები გამოწეროს. კონტრაქტის თანახმად, თითოეული ჯარიმიდან კომპანია 3 ლარს იღებს, თანხის დანარჩენი ნაწილი კი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის ნაწილდება (40% — 60%-ზე).

ოპოზიციამ არაერთხელ მოუწოდა ქალაქის მერიას კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტისა და ჯარიმის სახით „სითი პარკისთვის" 25 მლნ ლარის გადახდისკენ, რადგან, უწყებასა და კომპანიას შორის დადებული კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მერიამ ჯარიმა უნდა გადაიხადოს.