თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 55 წლის მამაკაცი დაიღუპა, ნათქვამია მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
„სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის დავით ძაბირაძე მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კერძოდ, სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა", – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალი კანონი რამდენიმე დღის წინ მიიღო, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, თუმცა, პროფკავშირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი ეფექტურობის არ სჯერათ.
კანონპრექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში ტყიბულის ნახშირმომპოვებელ მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა. საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ალაპარაკდნენ შრომის პირობებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით საშიშ საწარმოებში.